Sxamiani sokoebi - Sxamasoko
Домен: | Эукариоты |
Царство: | Грибы |
Отдел: | Базидиомицеты |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Агариковые |
Семейство: | Мухоморовые |
Род: | Мухомор |
Вид: | Бледная поганка |
Международное научное название: | Amanita phalloides |
შხამასოკო - (ინგ. Amanita phalloides) (რუს. Бледная поганка)
სინონიმი: უცნობია.
ამანიტა ფალოიდი (Amanita phalloides) საზოგადოდ ცნობილია, როგორც შხამასოკო. ეს მომაკვდინებლად შხამიანი, ბაზიდიუმიანი სოკოა, ამანიტას გვარიდან. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში და ექტომიკორიზულ კავშირს ამყარებს ფართოფოთლოვან ხეებთან. ზოგჯერ, შხამასოკოს ახალ რეგიონში გადატანა შემთხვევით, მუხის, წაბლის ან ფიჭვის გადარგვის შედეგად ხდებოდა. სოკოს ზაფხულში და შემოდგომაზე ამოდის, ქუდი მომწვანო ფერისაა, თეთრი ფეხით და ფირფიტებით.
შხამასოკო გარეგნულად რამდენიმე საკვებად ვარგის სოკოს წააგავს (ყველაზე მეტად ნიყვს (caesar's mushroom) და ღერა სოკოს (straw mushroom)), რომლებსაც ადამიანები ხშირად მიირთმევენ, ეს კი შემთხვევითი მოწამვლის რისკს ზრდის. შხამასოკოში შემავალი ამატოქსინები მაღალ ტემპერატურას უძლებს და სხვა შხამიანი სოკოებისგან განსხვავებით მომზადების შემდეგ მათი მომწამვლელი თვისებები არ სუსტდება. შხამასოკოსთან შეხებაც კი თვალების და კანის გაღიზიანებას იწვევს, თუმცა მოწამვლა მხოლოდ მისი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ხდება. შხამასოკო დღეისათვის ნაცნობ სოკოებს შორის ყველაზე შხამიანია. ნახევარი სოკოც კი საკმარისია ზრდასრული ადამიანის სიკვდილისთვის. სოკოთი მოწამვლით გარდაცვალების მიზეზი უმეტესწილად შხამასოკოა. სავარაუდოდ, მას ემსხვერპლა რომის იმპერატორი კლაუდიუსი, ჩვენი წელთაღრიცხვით 54 წელს და წმინდა რომის იმპერატორი ჩარლზ VI, 1740 წელს. შხამასოკო დიდი ხანია წარმოადგენს კვლევის საგანს, მოხდა მასში შემავალი არაერთი ბიოლოგიურად აქტიური ელემენტის გამოყოფა და შესწავლა. შხამასოკოს მთავარი ტოქსინია ამანიტინი (α-amanitin), რომელიც აზიანებს ღვიძლს, თირკმელებს და იწვევს ორგანოების ფუნქციის გათიშვას, რაც სიკვდილით მთავრდება.
ტაქსონომია და სახელწოდება
სახელწოდება “შხამასოკო” ლათინურ ენაზე პირველად გვხვდება ინგლისელი ფიზიკოსის, ტომას ბრაუნის და ქრისტოფერ მერეტს შორის მიმოწერაში. ეს სოკო 1727 წელს აღწერა ფრანგმა ბოტანიკოსმა, სებასტიან ვალანტმა და მისი სახელწოდება მთელ ფრაზაში მოაქცია: “ფალოიდური, საყელოიანი, შხამიანი, მომწვანო და გავრცელებული”.
("Fungus phalloides, annulatus, sordide virescens, et patulus"), შხამასოკოს ყველა ეს მახასიათებელი დღეისათვის კვლავ სახეზეა. მეცნიერული ტერმინი “ფალოიდური” ფალოსის ფორმიანს ნიშნავს, თუმცა გაურკვეველია, შხამასოკოს ფალოიდს თავისი ფორმიდან გამომდინარე უწოდებენ, თუ ფალუსისებრ (Phallus) სოკოებთან მსგავსების გამო. 1821 წელს ელიას მაგნუს ფრიზმა სოკო აღწერა, როგორც აგარიკუს ფალოიდი, მაგრამ ამ სახელწოდების ქვეშ ერთიანდებოდა ყველა თეთრი სოკო ამანიტას გვარიდან. საბოლოოდ, 1833 წელს ჯოენ ჰაინრიხ ფრიდრიხ ლინკმა დაამკვიდრა შხამასოკოს ამჟამინდელი სახელი, ამანიტა ფალოიდი, მას შემდეგ რაც, 30 წლით ადრე პირსონმა მას ამანიტა ვირიდისი უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლუი სეკრეტანმა ლინკზე ადრე მოიხსენია შხამასოკო, როგორც ამანიტა ფალოიდი, მას არ ეკუთვნის პატივი, იწოდებოდეს ტერმინის შემომტანად, სეკრეტანი თავის ნაშრომებში არ იყენებდა ბინომინალურ ნომენკლატურას. ზოგიერთი ტაქსონომისტი, ამ მოსაზრებას არ იზიარებს.
შხამასოკო ამანიტების ერთ-ერთი სახეობაა ფალოიდების გვარიდან, რომელშიც შედის დღეისათვის ცნობილი ყველა მომაკვდინებლად შხამიანი სოკო. მათგან სამი ყველაზე პოპულარული სახეობა “გამანადგურებელი ანგელოზის” სახელითაა ცნობილი. ეს სახეობებია: ამანიტა ვიროსა (Amanita virosa), ამანიტა ბისპორიგერა (Amanita bisporigera) და ამანიტა ვერნა (A. verna). “გამანადგურებელი ანგელოზის” ეპითეტით ზოგჯერ ამანიტა ფალოიდსაც მოიხსენიებდნენ, თუმცა “შხამასოკო” მისი სახელებიდან დღეისათვის ყველაზე ფართოდ გამოყენებადია. შხამასოკოს სხვა მეტსახელებიდან აღსანიშნავია “მყრალი ამანიტა” და მომაკვდინებელი ამანიტა”.
აღწერილობა
შხამასოკოს დიდი და წარმოსადეგი ბაზიდიოკარპი (ბაზიდიომიცეტების ნაყოფსხეული) მიწის ზევით იზრდება. ქუდის დიამეტრი 5-15 სმ-ს აღწევს. თავდაპირველად ის ნახევარსფეროსებრი და ამოზნექილია, ასაკის მატებასთან ერთად კი სწორდება. ქუდის ფერი შეიძლება იყოს ღია ყვითელი ან მომწვანო. ხშირად ქუდის კიდეები უფრო გახუნებულია და წვიმის შემდეგ მთლიანად ქუდსაც ფერი ეკარგება. დასველებისას ქუდის კანი წებოვანი ხდება და ადვილად იფრცქვნება, რაც საკვებად ვარგისი სოკოებისათვის დამახასიათებელი თვისებაა და შეცდომის საფრთხეს ზრდის. ვუალისებრი მემბრანის ნაწილი ფეხზე საყელოს სახით არის შემორჩენილი ქუდიდან 1-1.5 სმ დაშორებით. ფირფიტები მჭიდროდაა განლაგებული. ფეხი თეთრია, მონაცრისფრო-მომწვანო ჩრდილებით და სიმაღლეში 8-15 სმ, სისქეში კი 1-2 სმ იზრდება. ძირი გაბერილია, პარკისებრი და ვინაიდან ის შხამასოკოს ამოსაცნობ ერთ-ერთ მთავარ ნიშანს წარმოადგენს, მნიშვნელოვანია, რომ სოკოს ძირს მოკრეფამდე შემოვაცალოთ ნეშომპალა და კარგად შევათვალიეროთ.
ახალ შხამასოკოს სუსტი, თაფლის მსგავსი მოტკბო სუნი აქვს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად სუნი ძლიერდება და არასასიამოვნოდ ტკბილი, შემაწუხებელი ხდება. ნორჩი შხამასოკო ვუალით დაფარულ, მიწიდან ამოზრდილ კვერცხს მოგვაგონებს, რომელიც ზრდასთან ერთად ვუალს იხსნის და სოკოს ძირად გარდაქმნის. სპორული ფქვილი თეთრია, რაც ამანიტას სახეობებისთვის დამახასიათებელია. გამჭვირვალე სპორები გლობურალური ან კვერცხისებურია, იოდისგან მოლურჯო ლაქებით შეფერილი და 8-10 მიკრომეტრს შეადგენს. ფირფიტები გოგირდმჟავას კონცენტრაციით ფერმკთალი იისფერი ან ვარდისფერია.
გავრცელების არეალი და ჰაბიტატი
შხამასოკო ევროპის ბინადარია და ფართოდაა გავრცელებული. ის ჩრდილოეთით სკანდინავიიდან, დასავლეთით ირლანდიისკენ, აღმოსავლეთით პოლონეთამდე და სამხრეთით ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში, მოროკოში, ალჟირში და ჩრდილოეთ აფრიკაში გვხვდება. დასავლეთ აზიაში შხამასოკოს შესახებ ცნობები მოიპოვება ირანის ჩრდილოეთ ნაწილიდან. აღმოსავლეთ აზიაში მოპოვებული ცნობები ჯერჯერობით დანამდვილებით ვერ ამტკიცებენ ამანიტა ფალოიდის არსებობას.
შხამასოკო ექტომიკორიზულ, სიმბიოზურ კავშირს ამყარებს ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ხეების რამდენიმე სახეობასთნ. ყველაზე ხშირად ის მუხის ძირას გვხვდება, თუმცა შეხვდებით აგრეთვე წიფლის, წაბლის, ცხენისწაბლის, არყის, ტყის კაკლის, რცხილის, ფიჭვის და ნაძვის სიახლოვესაც. ზოგჯერ, შხამასოკო კონკრეტულ ტერიტორიაზე ხეების მხოლოდ ერთ რომელიმე სახეობასთან ამყარებს სიმბიოზურ კავშირს. მაგალითად, კალიფორნიის სანაპიროებზე შხამასოკო შერწყმულია მუხასთან, მაგრამ არა ფიჭვებთან. ისეთ ქვეყნებში, სადაც შხამასოკო საზღვარგარეთიდან იქნა შეტანილი, ის კავშირს ამყარებს ისეთ ხეებთან, რომლებთანაც თავის ადგილობრივ ჰაბიტატში დაამყარებდა. თუმცა, ამის მიუხედავად, არსებობს ცნობები, რომ ტანზანიასა და ალჟირში შხამასოკო ერწყმის ევკალიპტს, ახალ ზელანდიაში კი ჩაის ხეებსა და ადგილობრივ ყვავილებს. ეს შხამასოკოს ინვაზიურ პოტენციალზე მიგვანიშნებს.
მე-19 საუკუნის ბოლოს, ჩარლზ ჰორტონ პეკმა შხამასოკო ჩრდილოეთ ამერიკაში აღწერა. 1918 წელს, კორნელის უნივერსიტეტის პროფესორის, გ. ეტკინსონის მიერ აშშ-ს აღმოსავლეთ შტატებში გამოკვლეულმა მასალამ აჩვენა, რომ ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი სოკო ამანიტა ფალოიდის მსგავსი, თუმცა სხვა სახეობა - ამანიტა ბრუნესენსი (A.brunnescens) იყო. 1970-იან წლებში ნათელი გახდა, რომ შხამასოკო აშშ-იც იზრდება და სავარაუდოდ, ის იქ ევროპიდან მოხვდა. 2009 წელს ჩატარებულმა სოკოს გენეტიკურმა კვლევამ ეს მოსაზრება დაადასტურა.
შხამასოკო სამხრეთ ნახევარსფეროზე შეშის იმპორტის შედეგად გავრცელდა. ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში შხამასოკოს გადატანა მუხის ხეებით მოხდა. ამას ცხადყოფს მელბურნსა და კანბერაში აღმოჩენილი ნიმუშები (2012 წელს კანბერაში შხამასოკომ მოწამლა 4 ადამიანი, რომელთაგან 2 გარდაიცვალა), ასევე ურუგვაიში შესწავლილი სოკოები. შხამასოკო დღეს აგრეთვე გვხვდება საზღვარგარეთიდა შეტანილ ხეებთან კავშირში არგენტინასა და ჩილეში, ტანზანიასა და სამხრეთ აფრიკაში, მუხისა და ალვის ხეების ძირში.
შხამიანობა
როგორც თავად სახელი მიგვანიშნებს, შხამასოკო მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და მსოფლიოს მასშტაბით სოკოთი მოწამვლით სიკვდილის მთავარი მიზეზია. მისი ბიოქიმიური აგებულება ათწლეულების მანძილზე კვლევის საგანს წარმოადგენს და ცნობილია, რომ 30 გრამიც კი (სოკოს ქუდის ნახევარი) საკმარისია ადამიანის გარდაცვალებისთვის. 2006 წელს პოლონეთში შხამასოკოთი სამ-სულიანი ოჯახი მოიწამლა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა, ორს კი ღვიძლის გადანერგვა დასჭირდათ. სპეციალისტები მკაცრად გვაფრთხილებენ, რომ შხამასოკო არ მოვათავსოთ კალათში საკვებად გამიზნული სოკოების გვერდით და თუ შესაძლებელია, მისი შეხებისგანაც კი თავი შევიკავოთ. გასათვალისწინებელია, რომ შხამასოკო არ კარგავს მომწამვლელ თვისებებს მაღალ ტემპერატურაზე მომზადების, გაყინვის ან გახმობის შედეგად.
საკვებად ვარგისი მსგავსი სახეობები
როგორც წესი, სოკოთი მოწამვლის ფაქტები შემთხვევითია და სოკოს ამოცნობისას დაშვებული შეცდომის გამო ხდება. ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც შხამასოკო საჭმელად ვარგის ვოლვარელა ვოლვაცეაში (Volvariella volvace) შეეშალათ. ორეგონის შტატში მომხდარი ინცინტენდის დროს კორეელების ოთხ-სულიანი ოჯახის ოთხივე წევრს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდათ. კანბერაში 1988-2011 წლებში და ფიქსირდა 9 მოწამვლის ფაქტი. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოწამვლის მთავარ მიზეზად სოკოს იდენტიფიკაციის დროს დაშვებული შეცდომა სახელდება.
სოკოს ახალბედა შემგროვებლებს ადვილად შეიძლება შეეშალოთ შხამასოკო საჭმელად ვარგის სხვა ამანიტას სახეობებში, როგორებიცაა, მაგალითად, ამანიტა ლანეი (A.lanei), ამიტომ, ზოგიერთი სპეციალისტი გვირჩევს, საერთოდ თავი შევიკავოთ, ამანიტას ნებისმიერი სახეობის მოკრეფისგან. შხამასოკო აგრეთვე ადვილად ეშლებათ აგარიკუსის გვარის საკვებად ვარგის სახეობებთან, განსაკუთრებით მაშინ როდესაც სოკო ნორჩია, ქუდი ბოლომდე არ არის გაშლილი და მისი ფირფიტები კარგად არ ჩანს შხამასოკოს ფირფიტები ღია ფერისაა, აგარიკუსის სახეობებს კი მუქი ფირფიტები აქვთ.
ევროპაში, სოკოს საკვებად ვარგისი სხვა სახეობები, რომლებშიც შხამასოკო ერევათ ხოლმე, მომწვანო შეფერილობის ქუდის მქონე სოკოებია, რუსულას გვარიდან და ასევე ტრიქოლომას გვარიდან. ტრიქოლომა ექვესტრე (Tricholoma equestre), რომელიც საკვებად ვარგის სახეობად ითვლებოდა, ახლა ამოღებულია სიიდან, საფრანგეთის რესტორნებში მისი მოწამვლით გამოწვეული შემთხვევების გამო. მყიფეფირფიტა სოკოები, როგორებიცაა, მაგალითად რუსულა ჰეტეროფილა (Russula heterophylla), მტრედიო (R.aeruginea) და ხახვილო (R.virescens), ადვილად ამოსაცნობია ქუდის მსხვრევადი ქსოვილითდა იმით, რომ მათ არ გააჩნიათ ფეხის ძირი ან საყელო. შხამასოკოს მსგავსი სხვა სახეობები არიან აგრეთვე ამანიტა სუბჯანქილი (A.subjunquillea) აღმოსავლეთ აზიიდან და ამანიტა აროქი (A. arocheae), რომელიც გავრცელებულია კოლუმბიის ანდებიდან ცენტრალურ მექსიკამდე. ორივე მათგანი შხამიანია.
2012 წლის იანვარში, ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში გამართულ საახალწლო წვეულებაზე ოთხი ადამიანი მოიწამლა შხამასოკოთი, რომელიც სავარაუდოდ ღერა სოკოში (straw fungi) აერიათ. ოთხივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი მათგანი დაიღუპა, მესამეს კი ღვიძლის ტრანსპლანტი დასჭირდა.
ბიოქიმია
შხამასოკო ტოქსინების ორ ჯგუფს ამატოქსინებს და ფალოტოქსინებს შეიცავს. ორივე ჯგუფი მულტიციკლური პეპტიდია და სოკოს მთლიან ქსოვილშია გავრცელებული. სოკოში აგრეთვე აღმოჩენილია ქიმიური ნაერთი ანტამადინი და კიდევ ერთი ტოქსინი, ფალოლიზინი, რომელსაც ინ-ვიტრო ჰემოლიტიური (სისხლის წითელი უჯრედების გამანადგურებელი) თვისებები გააჩნია.
ამატოქსინები მინიმუმ რვა, სტრუქტურულად მსგავსი ნაერთისგან შედგება. მათი განცალკევება და შესწავლა 1941 წელს მიუნხენის უნივერიტეტის პროფესორების, ჰაინრიხ ვილენდის და რუდოლფ ჰალერმეიერის მიერ მოხდა. ამატოქსინებში მთავარი შხამიანი კომპონენტი α ამანიტინია, რომელიც β ამანიტინთან ერთად იწვევს მოწამვლას.
ამატოქსინების მოქმედების სქემა შემდეგნაირია: ისინი ახშობენ რნმ-პოლიმერაზას (დნმ-ს მატრიცაზე არსებული ინფორმაციული რნმ-ს, მიკრო რნმ-ს და მცირე ბირთვული რნმ-ს მასინთეზებელ ფერმენტს) და აქედან გამომდინარე, აჩერებენ უჯრედის მეტაბოლიზმს და იწვევენ მის სიკვდილს. მოწამვლისას მთავარი დარტყმა ხორციელდება ღვიძლზე, ვინაიდან ის წამყვანი ორგანოა საკვების მომნელებელ სისტემაში. ზიანი ადგებათ თირკმელებსაც. თავად შხამასოკოს რნმ-პოლიმერაზა ამატოქსინებზე მგრძნობიარე არ არის, ამიტომაც სოკო არ წამლავს საკუთარ თავს.
ფალოტოქსინები მინიმუმ შვიდი, მსგავსი პეპტიდური რკალის მქონე ნაერთისგან შედგება. ფალოიდინის გამოცალკევება და შესწავლა მოხდა 1937 წელს მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორის, ულრიხ ვილენდისა და ფეოდორ ლაინენის (ჰაინრიხ ვილენდის სიძე და სტუდენტი) მიერ. ფალოტოქსინებს ღვიძლის უჯრედებზე მაღალი მომწამლავი მოქმედება გააჩნიათ, თუმცა დადგენილია, რომ ისინი ამატოქსინებით გამოწვეულ მომაკვდინებელ ეფექტს დიდად არ ზრდიან, ვინაიდან ორგანიზმში მათი ნაწლავიდან შეწოვა არ ხდება. ფალოიდინი აგრეთვე აღმოჩენილია საკვებად ვარგის მარწყვიოში (Amanita rubescens), რომელიც სოკოს მოყვარულთა დიდი მოთხოვნით სარგებლობს. სუსტი მოქმედების მქონე პეპტიდების კიდევ ერთი ჯგუფია ვიროტოქსინები, რომლებიც ექვსი მონოციკლური ჰეპტაპეპტიდისგან შედგებიან. ფალოტოქსინების მსგავსად, ისინი არ იწვევენ ძლიერ მოწამვლას ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას.
მოწამვლის ნიშნები და სიმპტომები
ამბობენ, რომ შხამასოკოს კარგი გემო აქვს. ეს მას განსაკუთრებით საშიშს ხდის, იმის გათვალისწინებითაც, რომ მოწამვლით გამოწვეული სიმპტომების გამოვლენას დრო სჭირდება. ამ დროში ხდება ორგანოების ძლიერი, ხანდახან შეუქცევადი დაზიანება.
მოწამვლით გამოწვეული თავდაპირველი სიმპტომები კუჭნაწლავის პრობლემებს წააგავს და გამოიხატება მუცლის ტკივილით, დიარეით, გულისრევის შეგრძნებით და ღებინებით. ეს ყველაფერი ორგანიზმის გაუწყლოებას, უფრო მძიმე შემთხვევაში კი, ჰიპოთენზიას, ტაქიკარდიას, ჰიპოგლიკემიას და მჟავიანობასთან დაკავშირებულ გართულებებს იწვევს. აღნიშნული სიმპტომები ორ-სამ დღეში გადის. ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებით გამოწვეული უფრო სერიოზული პრობლემები მოგვიანებით ვლინდება და გამოიხატება სიყვითლით, ძლიერი გულისრევით, ბოდვით, გათიშვით და კომით. ამ დროს სისხლში ხდება ისეთი ნივთიერებების დაგუბება, რომლებსაც, ჩვეულებისამებრ, ღვიძლი გამოდევნიდა და ვითარდება ღვიძლის ენცეფალოპათია, რაც სრულდება ღვიძლის ფუნქციის ელვისებული მოშლით. მოწამვლის ამ ეტაპს თან ახლავს თირკმლის უკმარისობა (ორგანიზმის საერთო მდგომარეობით გამოწვეული, ან თავიდანვე პირდაპირ ტოქსინებით დაზიანებული) და კოაგულოპათია (სისხლს შედედების ფუნქციის მოშლა). მომდევნო ეტაპზე ხდება შიდაქალის წნევის მატება, შიდაქალის სისხლდენა, პანკრეასის ანთება და თირკმელების ფუნქციის მოშლა, საბოლოოდ კი, სიკვდილი. სიცოცხლის შეწყვეტა, როგორც წესი, მოწამვლიდან 6-16 დღეში ხდება.
სოკოთი მოწამვლის შემთხვევები ევროპაში უფრო მეტია, ვიდრე ამერიკაში. მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 60-70% იყო, მაგრამ მედიცინის განვითარებასთან ერთად ამ მაჩვენებელმა იკლო. 1971-1980 წლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ევროპაში შხამასოკოთი მოწამვლით გამოწვეული სიკვდილის მაჩვენებელი 22.4% შეადგენდა (51.3% ათ წლამდე ბავშვებში, 16.5% ათი წლის ზევით ადამიანებში). თანამედროვე კვლევების მიხედვით, ეს რიცხვი კიდევ უფრო, 0-15%-მდე შემცირდა.
მკურნალობა
შხამასოკოთი მოწამვლა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. განსაზღვრულია კურნალობის ოთხი ეტაპი: წინასწარი სამედიცინო დახმარება, დამხმარე ღონისძიებები, სპეციფიკური ღონისძიებები და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.
წინასწარი სამედიცინო დახმარება მოიცავს კუჭის გამორეცხვას აქტივირებული ნახშირით ან კუჭის ლავაჟით. იქიდან გამომდინაარე, რომ მოწამვლის პირველი სიმპტომები სოკოს ორგანიზმში მოხვედრიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ იწყებენ გამოვლენას, როგორც წესი, მოწამლული პაციენტებისთვის წინასწარი სამედიცინო დახმარების ჩატარება ეფექტს არ იძლევა. დამხმარე ღონისძიებები მიმართულია მოწამვლის კუჭნაწლავითი ფაზის დროს სითხის დაკარგვით გამოწვეული გაუწყლოების დასაძლევად, მეტაბოლური აციდოზის სამკურნალოდ, ორგანიზმში შაქრის დაბალი დონისა და შეფერხებული კოაგულაციის გასაუმჯობესებლად და ელექტროლიტური ბალანსის აღსადგენად.
შხამასოკოთი გამოწვეულ მოწამვლას ანტიდოტი არ გააჩნია, თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მკურნალობის კონკრეტული მეთოდები გადარჩენის შანსს ზრდის. ცეფალოსპორინით (იმუნოდეპრესანტი) ჩატარებული კვლევების თანახმად, ინტრავენურად მიწოდებული პენიცილინის უწყვეტი და მაღალი დოზა კარგ შედეგებს იძლევა. პაციენტის მდგომარეობას აუმჯობესებს ინტრავენურად მიწოდებული სილიბინინიც (silibinin), რომელიც ბაყაყურას (Silybum marianum) ექსტრაქტს წარმოადგენს. სილიბინინის ეფექტზე კვლევა აშშ-ში 2010 წელს დაიწყო და დადგინდა, რომ ექსტრაქტი ღვიძლის უჯრედების მიერ ამატოქსინების შეწოვას აჩერებს, რის შედეგადაც ღვიძლის ჯერ კიდევ დაუზიანებელ უჯრედებს სიკვდილისაგან იცავს. სილიბინინი ასევე ახდენს დნმ-დამკიდებულ რნმ-ს პოლიმერაზის სტიმულირებას, რაც ხელს უწყობს რმნ-ს სინთეზს. 60 პაციენტის მკურნალობის ანგარიშში წერია, რომ მოწამლული პაციენტები, რომლებმაც ექსტრაქტის მიღება მოწამვლიდან 96 საათის განმავლობაში დაიწყეს და რომლებსაც ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდათ თირკმლის ფუნქცია, ყველა გადარჩა.
SLCO1B3 მიჩნეულია ადამიანის ღვიძლში ამატოქსინების გადამტან გენად. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე განისაზღვრა ამ პროტეინის საწინააღმდეგო სუბსტრატები და ინჰიბიტორები: რიფამპიცინი, პენიცილინი, სილიბინინი, ანტამანიდი, ციკლოსპორინი, და პრედნიზოლონი, რომლებიც ამატოქსინებით მოწამვლის დროს მკურნალობაში გამოიყენება.
მკურნალობისას ასევე ეფექტურია აცეტილცისტინი (N-Acetylcysteine) სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომამატოქსინები კლავენ ღვიძლის პრიპეპტიდს, გლუტათიონს. აცეტილცისტინი გლუტათიონის პრეკურსორია და შესაბამისად, აჩერებს მის კვდომას და ამსუბუქებს ღვიძლზე მიყენებულ დაზიანებას. ჩამოთვლილთაგან არც ერთ ანტიდოტს არ გაუვლია კლინიკური კვლევა და მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდილებას ეყრდნობა. სილიბინინით და აცეტილცისტინით მკურნალობა ყველაზე სასარგებლოდ ითვლება. ასევე კარგ შედეგს იძევა აქტივირებული ნახშირის განმეორებითი დოზები, რაც ენტეროჰეპატიური ცირკულაციის შედეგად კუჭნაწლავში დაბრუნებულ ტოქსინებს შეიწოვს და ორგანოებამდე არ მიუშვებს. ჩატარებულია ცდები იმ მეთოდებზე, რომლებიც ტოქსინების გამოდევნას ემსახურება. ეს მეთოდებია: ჰემოდიალიზი, ჰემოპერფუზია, პლაზმაფერეზი, პერიტონიალური დიალიზი. მათი გამოყენება ზოგჯერ კარგ შედეგს იძლევა, თუმცა საბოლოო ჯამში, პაციენტის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებასთან მათი კავშირი არ არის დადგენილი.
პაციენტებში, რომლებსაც მოწამვლის შედეგად ღვიძლის ფუნქცია დაკარგეს, გადარჩენის ერთადერთ გზად ღვიძლის გადანერგვა ითვლება. ეს პრაქტიკა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებულია მოწამვლის მკურნალობისას. თუმცა ეს სირთულეს წარმოადგენს, ვინაიდან თვითონ ტრანსპლანტებს არაერთი პრობლემა შეიძლება ახლდეთ თან და გაზარდონ სიკვდილიანობის რისკი. ღვიძლგადანერგილ პაციენტებს ხანგრძლივი დროით ესაჭიროებათ იმუნოსუპრესია. ამის გამო, მოხდა ღვიძლის გადანერგვისთვის საჭირო კრიტერიუმების (პოთრომბინის შედედების დრო PTT, ბილირუბინის დონე, ენცეფალოპათიის არსებობა) ხელახალი შეფასება, რათა მხოლოდ იმ პაციენტებში მოხდეს ტრანსპლანტაცია, რომლებიც ამას უკიდურესად საჭიროებენ და მკურნალობის ალტერნატიული გზა არ არსებობს. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მართალია მედიცინის განვითარებასთან ერთად პაციენტების სიკვდილიანობის სტატისტიკამ იკლო, მაგრამ გადარჩენილი პაციენტების ნახევარს ღვიძლის შეუქცევადი დაზიანებებით უწევს ცხოვრების გაგრძელება. კვლევამ აგრეთვე აჩვენა, რომ იმ პაციენტებს, რომლებმაც მოწამვლიდან 36 საათის განმავლობაში ჩაუტარდათ მკურნალობა, სრულად გამოჯანმრთელების შანსი საგრძნობლად მეტი აქვთ.
ცნობილი მსხვერპლები
შხამასოკოთი ან მისი მსგავსი შხამიანი სოკოთი ამანიტას გვარიდან, რამდენიმე ისტორიული ფიგურაა გარდაცვლილი. ეს შემთხვევები ან შეცდომით იყო გამოწვეული, ან დაგეგმილ მკვლელობას წარმოადგენდა. მოწამვლის ცნობილ მსხვერპლებს შორის არიან რომის იმპერატორი კლაუდიუსი, რომის პაპი კლემენტ VII, რუსეთის სამეფოს ცარიცა ნატალია ნარიშკინა და წმინდა რომის იმპერატორი ჩარლზ VI.
გორდონ ვასონმა გამოიკვლია ეს შემთხვევები და აღმოჩნდა, რომ კლემენტ VII სიკვდილამდე 5 თვის განმავლობაში იყო ლოგინად ჩავარდნილი, რაც ამატოქსინებით მოწამვლას არ ჰგავს (გვ. 110). ამბობენ, რომ ნატალია ნარიშკინამ სიკვდილამდე მიირთვა დამარინადებული სოკოს დიდი რაოდენობა. გაურკვეველია, თვითონ სოკო იყო შხამიანი, თუ დამარინადებული საკვებით გამოწვეულ ზოგად მოწამვლასთან გვაქვს საქმე.
ჩარლზ VI-ს მოწამვლის სიმპტომები მოთუშული სოკოს მირთმევის შემდეგ დაეწყო და 10 დღეში გარდაიცვალა, რაც ამატოქსინებით გამოწვეულ მოწამვლას ჰგავს. მისი სიკვდილი გახდა ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომის დაწყების მიზეზი. როგორც ვოლტერი წერდა, “სოკოს კერძებმა ევროპის ბედი შეცვალეს”.
კლაუდიუსის მოწამვლის შემთხვევა უფრო კომპლექსურია. ამბობენ, რომ იმპერატორს ძალიან უყვარდა ნიყვი და მისი სიკვდილის გამომწვევ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ნიყვის მაგივრად მას შხამასოკო მოუმზადეს. უძველესი ავტორების ტაციტუსის და სეტონიუსის აზრით, თავად კერძი კი არ იყო შხამიანი სოკოსგან მომზადებული, არამედ კერძს მოგვიანებით დაუმატეს საწამლავი. ვასონი კი თვლის, რომ იმპერატორის მოწამვლა თავდაპირველად შხამასოკომ გამოიწვია, თუმცა დაუდგენელი საწამლავის სასიკვდილო დოზა მას უკვე ავადმყოფობის დროს მიაღებინეს.